Monday, September 7, 2015

 მეორეკლასელის მოკლე დახასითება


 



მეორეკლასელი, პირველკლასელისგან განსხვავებით, უკვე შეგუებულია მოსწავლის სტატუსსა და ვალდებულებებს. იცვლება მოსწავლის სწავლის სტილი. ყველა მოსწავლისათვის წამყვანი საქმიანობა სწავლა ხდება. მას შეუძლია უფროსის დახმარებით შეაფასოს საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზები. თანდათან ბავშვს უვითარდება ნებელობა. მოსწავლეს შეუძლია იმპულსების შეკავება. მეხსიერებისა და ყურადღების მართვა განზრახვის შესაბამისად.


ამასთან, ყურადღებისა და მეხსიერების მართვა დიდადაა დამოკიდებული ბავშვის ტემპერამენტზე. ამიტომ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ, მოსწავლეები დაღლილები არიან დღის, განსაკუთრებით კი კვირის ბოლოს. ამ დროს მათ ძალიან უჭირთ დისციპლინის შენარჩუნება.


მასწავლებელი კვლავ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება, მაგრამ მასთან ურთიერთობა უფრო პირადული ხდება. ჩნდება მასთან ურთიერთობის სურვილი შესვენებებზე, ექსკურსიაზე.


მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის ცალკეული თვისებების გამოყოფა (მხიარულია, კეთილია). მეორეკლასელი მოსწავლე იწყებს მეგობრების შეფასებას თვისებებიდან გამომდინარე. იწყება თანატოლებთან თანამშრომლობის უნარის განვითარება. ამავე დროს, ჩაისახება მოლაპარაკების, დათმობის, საქმიანობების განაწილების უნარები. თუმცა ზოგი მეორეკლასელისათვის ეს ჯერ კიდევ რთული ამოცანაა.


კლასში იკვეთება ლიდერი. ხშირია მოსწავლეებს შორის პაექრობა.


მეორეკლასელს სწავლის გარდა ინტერესთა ახალი სფერო უჩნდება. ესაა ურთიერთობა პედაგოგებთან, მშობლებთან, თანატოლებთან. სრულფასოვანი პიროვნების ფორმირებისათვის მნიშვნელოვანია სასწავლო უნარების გარდა თანამშრომლობის უნარების განვითარება როგორც თანატოლებთან, ისე უფროსებთან.

დამრიგებლის მუშაობის მიზანი


 


დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა. დამრიგებლის მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას, უვითარებდეს მათ ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.